საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას 1975 წლიდან სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანებულია 47 ეპარქია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმებით.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური თვითმმართული საპატრიარქო ტახტის მქონე ეკლესიაა, მისი იურისდიქცია ვრცელდება: საქართველოს სახელმწიფოს მთელს ტერიტორიაზე ; საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიებზე, ისტორიული ეპარქიებზე: დოდოეთ-ძურძუკეთი მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეზე; ზაქათალის, სამუხის, ნუხის, არეშის, განჯის და ყაზახის ; დვალეთი ; ერუშეთი, დადაშენი, წყაროსთავი, ანისი, კარისა და ალაშკერტის ; გუმბრის მაზრა. ბასიანი, ართვინი, ოლთისი, თორთომი, კისკიმი, ისპირი, რიზე, ათინა, ხოფა. კერძოდ: საქართველოს ეკლესიის 1918 წლის 28 მაისის II საეკლესიო კრებით აღიარებული ტერიტორიები .
იურისდიქცია ვრცელდება ასევე, ქართველებით დასახლებულ უცხოეთის იმ ქვეყნებზე, რომელთა ტერიტორია არ შედის 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორულად აღიარებულ ტერიტორიებში: დასავლეთ ევროპა, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია საღვთო განგებით დაფუძნდა საუფლო კვართისა და მირონმდინარე სვეტიცხოვლის მადლმოსილ წიაღში.
ბერძნული წყაროს – „მიმოსვლა ანდრია მოციქულისა“ მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო საქადაგებლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.
გადმოცემით, წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწილები აჭარაში, გიონიოში განისვენებს.
მიუხედავად ამისა, რომ ქრისტიანული თემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკმაო გავლენითაც სარგებლობდნენ (ამაზე მეტყველებენ არქეოლოგიური არტეფაქტები) იგი დომინანტ რელიგიად ვერ იქცა.
საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 326 წელს. კაბადოკიელი ქალწულის წმ. ნუნეს (ნინოს) ლოცვითა და ქადაგებით.
საქართველოში წმიდა ნინო იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის ლოცვა-კურთხევით მოდის. ქალწულის ქადაგებამ, მეფე მირიანისა და დეოფალ ნანას მოქცევამ განაპირობა სრულიად ქართლის ნათლობა მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იქ სადაც დღეს, ანტიოქიისად წოდებული IV ს. ეკლესია დგას.
მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოგზავნა ანტიოქიის ეპისკოპოსი იოანე (325 წელს ნიკეის I საეკლესიო კრებამ იგი ანტიოქიის პატრიარქად აირჩია) ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას.
ლათინური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ „იბერიის იმ ნაწილმა, რომელიც პონტოს ზღვასთან მდებარეობს და კოლხიდად იწოდება, სახარება ჯერ კიდევ იმპერატორ ტრაიანეს დროს მქადაგებელი წმიდა კლიმენტის შემწეობით მიიღო. წმიდა კლიმენტი იმ მხარეში იყო გადასახლებული“ (ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, I, გვ. 171).
ირინეოსს კი მიაჩნდა, რომ ქართველებმა (იბერებმა), რომლებიც იწოდებიან კოლხებად (გეოგრაფიული ადგილის მიხედვით), ქრისტიანობა ჯერ კიდევ რომის იმპერატორ ტრაიანემდე (98-117) მიიღეს. იმავე ცნობით, იმ ქართველებმა, რომლებიც კასპიის ზღვისაკენ კავკასიის მთებთან ცხოვრობენ (იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა), ქრისტიანული სარწმუნოება უფრო გვიან მიიღეს. ეს ცნობა სავსებით ეთანხმება „ქართლის ცხოვრებას“, რომლის მონაცემებითაც ქართველთაგან ქრისტიანობა პირველებმა მიიღეს მეგრელებმა (კოლხებმა) და კლარჯებმა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ).
წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. „აქედგან იწყეს კათოლიკოსთა მთავრობად“, წერს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორი. მაშასადამე, ვახტანგის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენების უფლება, უფლება თავისი თავის მართვისა.
ანტიოქიის პატრიარქის, ანასტასის დროიდან, ქართლის კათალიკოსის კურთხევა ანტიოქიაში აღარ ხდებოდა. სამაგიეროდ ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან უნდა მიეღო მირონი და მასში 1000 დრაჰკანი გადაეხადა. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში პირველ ადგილზე უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.
ანტიოქიის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერაა დაარსებული. გამომდინარე აქედან, ღვთის განგებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორი მოციქულის, ანდრიასა და პეტრეს სუქსესიისა და მადლმოსილების მატარებელი ეკლესიაა.
IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.
ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის (845-885. ხს. 17 აპრილს) ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. „ეფრემ ქრისტჱსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევა ქართლს განაწესა“, – წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
მე-6 საუკუნეში ქართლში მოქმედებდა 33-ზემ მეტი საეპისკოპოსო. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ არ გაიზიარა 506 წელს ირანის შაჰის ზეგავლენით სომხეთში ქ. დვინში მოწვეული საეკლესიო კრების მონაწილეთა მიერ მიღებული მონოფიზიტური ერესი (ქართლისა და სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის საბოლოო გათიშვა მოხდა 607 წელს) და ბიზანტიაში 725-843 წწ. თითქმის საყოველთაოდ გავრცელებული ხატმებრძოლობის ერესი.
მე-11-12 სს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე ექვემდებარებოდა დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო (თავისი საეპისკოპოსოებით), ქალკედონელ მართლმადიდებელ სომხურ თემთა საეპისკოპოსოები, რომელთაც სათავეში ედგათ მიტროპოლიტი და აღმოსავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები (სულ 40 საეპისკოპოსო).
მე-13 საუკუნიდან უცხოელი დამპყრობლების განუწყვეტელი შემოსევებით თანდათან სუსტდება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, მე-15 საუკუნეში საქართველოს საპატრიარქოს ჩამოსცილდა აფხაზეთის საკათოლიკოსო. მე-16 საუკუნეში – საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს; ეკლესიას ჩამოაკლდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია.
1801 წ.საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის პროტექტორატის ქვეშ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შევიდა. თუმცა, რუსეთის სამეფო ტახტმა უღალატა დადებულ ხელშეკრულებას და უმოკლეს დროში, საქართველო დაიქვემდებარა.
რუსეთის სამეფო ხელისუფლებამ გამოაცხადა რა იმპერიის ზრახვები რელიგიის ნაწილად, უკანონოდ გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა აღმოსავლეთ საქართველოსა (1811 წ.) და დასავლეთ საქართველოში (1814 წ.)
1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა საერო და საეკლესიო საზოგადოებამ აღადგინა უკანონოდ გაუქმებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოსად აირჩია წმ. კირიონ II.
საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია საპატრიარქო ტიტულს, თანახმად საისტორიო წყაროებისა, ატარებს VII საუკუნიდან. პირველი მამამთავარი რომელიც წყაროში პატრიარქის ტიტულითაა მოხსენებული იოანეა – X ს. რომელიც ატარებდა ტიტულს : ყოვლისა საქართველოს პატრიარქი, კათალიკოსი ქართლისა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტუტული აღიარებულია მსოფლიო ავტოკეფალური მაღთლმადიდებელი ეკლესიების მიერ, რომლებთანაც მას აქვს სარწმუნოებრივ-ლიტურგიკული ერთობა და კანონიკური ურთიერთაღიარება.